Archive Page 2
ღია წერილი “დუბლიორელებს”
სალამი
ხმები მოვიდა დუბლიორელებს არ ესიამოვნათო. კაცმა რომ თქვას, დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ბევრ თქვენგანს დააყრიდა ბუსუსები თითოეული აბზაცის ჩაკითხვისას, განსაკუთრებით ნიჭიერებს პროტესტის გრძნობაც გაგიჩნდებოდათ და შეეცდებოდით, პროფესიული მეთოდებით თავზე დაგემხოთ ჩემთვის, ვინ იცის და იქნებ, სუბიექტური და ცალმხრივი ცინიზმი. ჰიპ ჰოპ კულტურაში ამას DISS ქვია და ფრიად სასეირო რამეა, ერთი რომ მკითხველი ხალისობს, მეორეც თავმოყვარეობის ამბავია, ფინალისტებს ნახევარფინალიდან გამოვარდნილმა კონკურსანტმა გადაგიარათ,თქვენი საპასუხო რეაქცია კი ბუფეტის მასშტაბებს ვერ გაცდა.
ჟურნალისტთა სკოლაში, სადაც პროფესიის საფუძვლები ვისწავლე, ყოველ მეორე თვეს ერთმანეთზე ბევრად უფრო კრიტიკულ წერილებს ვწერდით. მართალია, სკოლა ერქვა, მაგრამ პირველივე დღეებიდან მშვენივრად გვესმოდა, რომ იმ სკოლიდან ყველანი პროფესიონალებად უნდა გავსულიყავით, ამიტომაც არავის აზრდაც არ მოგვსლია რამე გვწყენოდა, პირიქით, ყურადღებით ვეკიდებოდით კრიტიკას და ვცდილობდით სუსტი მხარეები გამოგვესწორებინა.
სამწუხაროდ ეს ჩვეულება დღემდე გამომყვა. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ხშირად მავიწყდება, ყოველთვის პროფესიონალებთან ვერ მექნება ურთიერთობა და ადამიანები, რომლებიც შეიძლება ჟურნალისტები არიან, მაგრამ არ აქვთ პროფესიონალიზმის შეგრძნება (იმედია ჯერჯერობით), უმაღლესი პილოტაჟის ილეთებს ვერ გაიგებენ და ჭიქა ყავაზე საჭორაო თემად გახდიან.
ასეათუისე პირველი ქართული ჟურნალისტური Diss არ შედგა. მივხვდი, თქვენთვის არაფრის მომცემ “გადაფარვებზე” სირბილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მზამზარეული შანსის გამოყენება შელახული პროფესიული რეპუტაციის აღსადგენად. ან რავი, იქნებ არაფერი გაქვთ სათქმელი, ან გაქვთ კიდეც, მაგრამ ნიჭი არ გყოფნით. არაუშავს, ხარისხიანი ცინიზმის და წერის მსუბუქი მანერის გამომუშავებას სისტემატური მუშაობა და ბევრი კითხვა უნდა, თქვენ კი არ გცალიათ ამისთვის, ბლოკები გაქვთ შესაკვრელი და ორ წუთიანი “გადაფარვები” გასაკეთებელი.
და ბოლოს, იმედს ვიტოვებ, არ იფიქრებთ რომ ამ ყველაფერს შური მალაპარაკებს. შური ნიშნავს რომ გავყიდდი კომპიუტერს, ავიღებდი კრედიტს ბანკიდან, დავაწიოკებდი ნათესავებს, ხმამაღლა ვიყვირებდი ჩემს რელიგიურ შეხედულებებზე პირდაპირ ეთერში, რა არის რომ როგორმე ფინალში გავსულიყავი. ალბათ გახსოვთ, არცერთი არ მიქნია. ხვდებით ხო, “ქრონიკის” და “იმედის დილის” სტაჟიორობა სულ ცალ ფეხზე რომ მეკიდა, მკიდია და ყოველთვის მეკიდება?! მერწმუნეთ, გაცილებით დიდი მიზნები მაქვს,უფრო სწორედ გვაქვს, დუბლიორელების იმ ნაწილს, რომლებისთვისაც ბუფეტს წმინდა გასტრონომიული დანიშნულება აქვს და არასდროს ყოფილა მონაწილე ბუფეტში დახლართული ინტრიგებისა.
სულ რამდენიმე კვირა და ყველაფერი სხვანაირად იქნება. მერე ვინძლო დამეზაროს კიდეც თქვენთვის მორიგი DISS-ის დაწერა. დრო არ მექნება უბრალოდ.
მანამდე კი ველი თქვენს გამოხმაურებას.
სანამ წერას შეუდგებოდეთ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ “დუბლიორი კულისებს მიღმა” და “საიდან ხარ” განსაკუთრებით ბოლო პოსტს მიაქციეთ ყურადღება, შოვინიზმის დაბრალების ცდუნებამ რომ არ გძლიოთ.
Filed under: დუბლი2 | 11 Comments
საიდან ხარ?
რამდენიმე თვის წინ ძველ ბლოგზე (დუბლიორი კულისებს მიღმა) დავწერე პოსტი ”დუბლიორის” შთაბეჭდილებების შესახებ. რატომღაც ბევრი გააღიზიანა იმ ფაქტმა რომ ხაზს ვუსვამდი თათია თორდინავას მეგრელობას. ეშმაკმაც დალახვროს და არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მეგრელების, საერთოდაც ბებია მყავს მეგრელი და ელარჯი ჩემი საყვარელი კერძია. უბრალოდ სასაცილოა რა, თხუთმეტიდან თოთხმეტ კაცს აზრადაც რომ არ მოსდის ხაზი გაუსვას თავის წარმომავლობას და მხოლოდ ერთი გახსენებს ყოველ დილით, მე ვარ თათია თორდინავა სამეგრელოდან. ეს ნორმალურია და ის არა ხო კუთხურობის გამოვლენას რომ დავცინი?! ვინც არ უნდა ყოფილიყო, მეგრელი, გურული, კახელი თი ქართლელი, ყველაზე ასეთი რეაქცია მექნებოდა. არანაირი შოვინიზმი, მხოლოდ ჯანსაღი ცინიზმი. Peace
Filed under: ქრონიკები | 2 Comments
აქ უნდა ყოფილიყო მოთხრობა რიგით კანცელარისტზე, რომელიც ძვირფას თავისუფალ წუთებს ერთი უმუშევარი გოგოს დამშვიდებაში ხარჯავდა. გოგო ერთი შეხედვით ძალიან უბედური ჩანდა, რადგან სამსახურს ვერ პოულობდა. კანცელარისტი ყოველ საღამოს უმტკიცებდა, ცოტაც მოიცადე და ყველაფერი კარგად იქნებაო, გოგო მხრებს იჩეჩდა და დაბურცულ ტუჩებს უიმედოდ აშრაშუნებდა.
ერთ დღეს გოგომ მართლა იშოვნა, ოღონდ სამსახური არა – კაცი. კანცელარისტმა რომ დაურეკა, გოგომ მიახალა, შენთვის არ მცალია და საერთოდ, ნუღარ შემაწუხებ, ყელში ამოხვედიო.
იმ საღამოს კანცელარისტმა მთელი ღამე სიგარეტის ქაჩვაში გაატარა, ოთახიდან ოთახში გადიოდა და ცდილობდა, ფიქრებში მაინც გაემართლებინა თავისი არსებობდა. ბოლოს დაასკვნა, რომ მის არსებობას აზრი არა აქვს, რომ ის ყველასთვის დროებითი გაჩერებაა და ვერასდროს შეძლებს ვინმე სამუდამოდ “დააბას” თავისთან. გამთენიისას ტვალეტში შეიკეტა. სარკის წინ დიდხანს ათვალიერებდა უპროპორციო სახეს ღინღლს ფუნთუშა ლოყებზე, გაბუშტულ ცხვირს, დრუნჩივით გადმოწეულ დიდ ტუჩს და ცოტა დამშვიდდა. პასუხი ნაპოვნი იყო. ბუნების ასეთ წარუმატებელ ექსპერიმენტს პრაქტიკულად ვერავინ გაუძლებდა,
შემდეგ სარკე კედლიდან ჩამოხსნა კიდე ფრთხილად მოამტვრია და იატაკზე ჩაჯდა, კეფით ცივ კაფელს ეყუდებოდა. ბასრი შუშა ვენაზე რომ მიიდო, უჩვეულო სიმშვიდე დაეულა. იგრძნო, რამდენიმე წუთში რაღაც აუტანელი, უსამართლო და დაუძლეველი დასრულდებოდა.
სანამ გვამმა ხრწნა არ დაიწყო, მეზობლებმა კარის შემტვრევა ვერ მოიფიქრეს. საკანალიზაციო მილიდან გამომტყვრალი ტარაკნები დიდი მონდომებით აქუცმაცებდნენ მიცვალებულის დონდლო სხეულს. სახე კი უსაშველოდ მშვიდი ჰქონდა. დაისვენა საწყალმაო, ძალაუნებურად იტყოდი.
ხოდა უნდა ყოფილიყო მეთქი, ესე იგი ვრცელი მოთხრობის დაწერას ვაპირებდი. მაგრამ გადავიფიქრე. ასეთ ხელმოცარულ ტიპებზე ასობით მოთხრობაა დაწერილი. თუ გავითვალისწინებთ რომ ”კანცელარისტები” ჩვენი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენენ, გამოდის რომ მკითხველები ის ხალხია, რომლებსაც მხოლოდ სუნი აწუხებთ. რა აზრი აქვს მათთვის ასმეერთე მოთხრობის დაწერას. მაქსიმუმ სიბრალული იგრძნონ, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში ნახევარი საათი გაყვებათ
Filed under: შემოქმედება | 6 Comments
წიგნების ბიზნესი საქართველოში
გთავაზობთ პირველ სტატიას სერიიდან ”ბიზნესი ქართულად”, რომელიც სხვადასხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. დასაწყისისთვის ჩემთვის ყველაზე მტკივნეული წიგნების სფერო შევარჩიე
წიგნის ბაზარი საქართველოში ერთერთი ყველაზე უფერული და უშინაარსოა. ქართული თანამედროვე ბელეტრისტიკა, თითზე ჩამოსათვლელი თარგმანები (კოელიოს მთლიანი ბიბლიოგრაფია საუბრის ცალკე თემაა) და რუსულად თარგმნილი მსოფლიო ლიტერატურა, რომელსაც ფასი ადევს ისეთი ბრაზისგან ზედიზედ ორი ღერის მოწევა მოგინდება. რახან საუბარი წიგნზეა, შეიძლება უკანასკნელი თეთრები ამოფხიკო და იყიდო რუსული თარგმანი, მაგრამ ვაი, რომ აქაც ზედმეტად შეზღუდული არჩევანია.
ადრე, როცა ”პლანეტა ფორტეს” ჯიხურები არსებობა, გაცხარებული დახლქვეშა ბიზნესი იყო გაჩაღებული. თუ ზედიზედ ორი კვირის მანძილზე ერთ ჯიხურში იყიდდი პრესას გამყიდველი ჯერ გულთბილად გაგიღიმებდა, შემდეგ ოჯახს მოიკითხავდა, ასე ერთი თვის შემდეგ კი დაინტერესდებოდა, რამე წიგნი ხომ არ გინდა რაც თბილისში არ იშოვნებაო.
ერთი სიტყვით, მოსკოველ ”წიგნის ბარიგებთან” ჰქონდათ კონტაქტები. ნებისმიერ წიგნს ჩითავდნენ 15-20 ლარად. შეკვეთილი საქონლი დაახლოებით ორ კვირაში ჩამოდიოდა. ასე წავიკითხე აკუნინის პირველი რამდენიმე რომანი, სოროკინის პიესები, კიდევ რამდენიმე ავტორი, რომლებიც ნაკლებად დამამახსოვრდა და ბიზნესიც ჩაწვა. სამაგიეროდ გამსახურიდაზე გამოჩნდა ”წიგნის სახლი”, მოგივანებით ”პარნასიც” გაიხსნა, მაგრამ რა ხეირი, ორივეგან სავარაუდოდ საკონდიტროდან გადმოყვანილი კონსულტანტები ჰყავდათ (ალბათ ეხლაც ყავთ). ძალიან შორს რომ არ წავიდე, ერთი შემთხვევაც კმარა. სასაჩუქრედ მინდოდა კაფკას ”პროცესი”. ბუკინისტებში ქართული თარგმანი რომ ვერ ვიშოვე, ერთერთ ”დონე” წიგნის მაღაზიაში შევედი, იქნებადა რუსულად მაინც იყოს მეთქი. დამხვდა სახე გაკერილი კონსულტანტი შენ ხარ ჩემი ბატონი და, კაფკაო? ეგეთი არავინ გამიგიაო, სამაგიეროდ კოელიოს ”ვერონიკა” მივიღეთ ეხლახანსო (თბილისის კოელიოიზაცია ახალი დაწყებული იყო). რა თქმა უნდა იუბილარს კაფკა ვერ ვაჩუქე. მას შემდეგ კაი ხანს მესიკვდილებოდა ”სახელგამებში” შესვლა, თუმცა ერთხელ კიდევ წამძლია სული და რეი ბრედბერი მოვიკითხე. კონსულტანტს რეის არსებობა ეჭქვეშ არ დაუყენებია, უბრალოდ ბუნდოვნად ახსოვდა მსგავსი ავტორი. მეცნიერული ფანტასტიკა რომ ვუხსენე, შეიცხადა, ჩვენთან მხოლოდ ”სერიოზული” ლიტერატურა იყიდებაო, არადა იქვე კოელიოს ბიბლიოგრაფია ეწყოთ მგონი სამ ენაზე.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ცოტა უხერხულია, ”დონე” მაღაზია გერქვას და კაფკას ერთი-ორი რომანი არ ”გეგდოს”, ან რეი ბრედბერზე ამბობდე არასერიოზული ლიტერატურააო, უკვე ნიშნავს რომ სოფლის ბიბლიოთეკობისკენ გაქვს გეზი აღებული.
სანამ მიდგომაა ასეთი პროვინციული, ბიზნესიც ჩაწოლილი იქნება. დავიჯერო, ამხელა ”ფილარმონია” მაღაზიებში პროფესიონალი მენეჯერისთვის ვერ გამოინახა შტატი, რომელიც კონსლუტანტებს აუხსნიდა, რომ მეცნიერული ფანტასტიკა შეიძლება ლიტერატურის უკანასკნელ ჟანრად მიგაჩნდეს, მაგრამ მეცნიერული ფანტასტიკით დაინტერესებულ კლიენტთან ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააფიქსირო.
კიდევ ერთ დიდ ნაკლზე ზემოთ ვისაუბრე – შეზღუდული არჩევანი. არ იქნებოდა ურიგო, მფლობელებმა აქტიურად ადევნონ თვალი მსოფლიო ლიტერატურულ ტენდეციებს და იმის მიხედვით შეავსონ მაღაზიის თაროები.
წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ დიდხანს დავრჩებით პროვინციალიზმის ჭაობში, ჩემი შვილიშვილების თაობაშიც აქტუალური იქნება კოელიო (ან მისი მარაზმატიკი მემკვიდრე) და კონსულტანტები ურცხვად ამოშლიან კაფკას პროზაიკოსთა რიგებიდან. წიგნის მაღაზიები კი ვერასდროს გადაიქცევიან უკანალის სათამაშო კანტორებიდან მოგების მომტან სავაჭრო სახლებად.
შემდეგ სტატიაში:
ჩემი ოცნების წიგნის მაღაზია
Filed under: ბიზნესი ქართულად | 13 Comments
სანტექნიკოსს ლიოვას მემუარებიდან
საღამოს, როგორც მუშაობით დაღლილ ადამიანს შეეფერება, თანამშრომლებთან ერთად ქალაქში მეტად ცნობილ სახინკლეს მივაშურე, ამოგვეყორა რა გამოცარიელებული მუცლები, გვეხვრიპა ლუდი და გვესაუბრა სულის მაცხონებელ სისულელეებზე.
ხინკლის შეკვეთამ ტრადიციულად დაიგვიანა, სამაგიეროდ ლუდები შემოგვაშველეს დროულად. ჩვენც დიდი მონდომებით შევუდექით ჟანგიანი ყელის ”ჩასველებას”.
ჩვენგან მარჯვნივ მოღრიანცელე საძმო იჯდა, ერთი ცარიელი მაგიდის გამოტოვებით იგივე სურათი, ოდნავ ზემოთ ოთხი ბიჭი და ორი გოგო (არ მესმის ასეთი თანაფარდობის არსი), მათ გვერდით შეყვარებული წყვილი. შეყვარებულები მშვენიერ ხასიათზე ჩანდნენ. ვიღაცას შეიძლება ნასვამებადაც მოენათლა, მაგრამ არყის ის დოზა, რაც მაგიდაზე ედგათ, ძუძუთა ბავშვს თუ აურევს ”რამსებს”.
ერთი სიტყვით, თავისთვის იყვნენ, დროდადრო ხინკალს ლოღნიდნენ, უფრო ხშირად ერთმანეთის ტუჩებს, ოღონდ არაფერი ზედმეტი, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში. სხვისი არ ვიცი და ჩემთვის, ბიჭი თუ გოგოს ჩაეხუტება (და პირიქით), ტუჩებში აკოცებს და მერე ბედნიერი სახეებით გააგრძელებენ ბურტყუნს (სავარაუდოდ სულელურ, მაგრამ მათთვის სასიამოვნო თემაზე) სასიხარულოც კი არის, ანთხლეულ დროში მინიმუმ ორ ადამიანს მაინც მოუხერხებია კარგად ყოფნა.
უცბად დავაფიქსირე, რომ ამ წყვილს ჩემს გარდა ოფიციანტიც აკვირდებოდა. ოღონდ მე თუ მიხაროდა მათი კარგად ყოფნა, ოფიციანტი უსიამოდ იჭყანებოდა. თბილისურ საზ. კვების ობიექტებში მჟავე სახიანი მომსახურე პერსონალი ჩვეული მოვლენაა, მაგრამ ეს ოფიციანტი განსაკუთრებული ეგზემპლარი აღმოჩნდა. სანამ მე ლუდის პირველ კათხას გამოვცლიდი, ოფიციანტმა კარებთან მობორიალე ”სექურითის” დაუძახა და მოკლე მითითება მისცა. ”სექურითიმ” თავი დაუქნია, გასაგებიაო და შეყვარებულების მაგიდას მიადგა. ბიჭი გამოიხმო. მათი დიალოგი რამდენიმე წამს გაგრძელდა. ბიჭი შეგნებული ელემენტი ჩანდა, დაცვას მხარზე ხელი დაარტყა, გაუღიმა და მაგიდასთან დაბრუნდა. ოფიციანტმა სასწრაფოდ ანგარიშის ქვითარი მიურბენინა, ბიჭმა იქვე მისცა ფული და გოგოსთან ერთად სახინკლიდან გავიდა. საოცარია, გასვლის წინ გოგო ”სექურითის” ღიმილით გამოემშვიდობა.
ჩვენ რომ შემოვედით, გარეთ საკმაოდ ციოდა, იმ დროისთვის უფრო მოუჭერდა ნოემბრის სუსხი. შემეცოდნენ შეყვარებულები, სულ არაფრის გამო გაყარეს ქუჩაში . შეიძლება, უკეთესს ადგილასაც წასულიყვნენ. საერთოდ, რა უნდათ შეყვარებულებს სახინკლეში? კაფე-ბარები დაილია? უბრალოდ, ხინკლის ხასიათზე იყვნენ და სახინკლეში შემოვიდნენ, ოფიციანტი ბედნიერი ადამიანების ყურების ხასიათზე არ იყო და მათ წინააღმდეგ მათივე ბედნიერება გამოიყენა.
ოფიციანტი სამომსახურეო მაგიდასთან თავ ჩაღუნული ანგარიშობდა. ნეტა, ბედნიერი იყო ის წყვილი გარეთ რომ მოისროლა?
არადა რა გემრიელად ისხდნენ. რომ ვუყურებდი, ლუდი გემრიელი იყო, მძიმე სამუშაო დღე აღარ მახსოვდა და საერთოდ, კარგად ვიყავი.
Filed under: ქრონიკები | 7 Comments
დუბლიორი – კულისებს მიღმა
მაშასადამე წარმოგიდგენთ დაპირებულ სტატიას თემაზე: დუბლიორი – კულისებს მიღმა.
იმედია არ გეწყინებათ, თუ სიუჟეტების განხილვასა და მონაწილეების პროფესიონალიზმზე ყბედობას არ მოვყვები, ყველაზე საინტერესო მაინც შიდა ინტრიგები, კბენა, ღრენა და ტკვირვაა :D
ორშაბათი
ეს იყო ყველაზე მშვიდობიანი და თითქმის ჰიპურად თბილი დღე. როგორც წესი, ორი საათით ადრე მივედით, დავიგრიმეთ და შემდეგ ბუფეტში ჩავხორხოცდით ურთიერთ ძმობისა და მეგობრობის ჭიქა ყავაზე შესაფიცად. თუნდაც ორი ამბიციური ადამიანი რომ შეიყაროს ერთად, ეს უკვე ინტრიგაა, წარმოიდგინეთ რა იქნებოდა ხუთი ჟურნალისტობაზე გაგიჟებული იუნგა რომ მიუჯდებოდა საერთო მაგიდას. მართალია, ჯერ კიდევ მეგობრებიი ვიყავით, მაგრამ ალიანსების შეკვრა უკვე დაწყებული იყო. გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი ალიანსები მაქსიმუმ ერთი გადაცემა ძლებს, შემდეგ უკვე ახალი მოკავშირის ძებნა იწყება. თავის დაზღვევის მიზნით, პირველ დღეს არავისთან არ გამიგიჟებია თავი, ყველასთან ზომიერად, ჯიგრულად, გემრიელად. თან აქ ერთი მომენტიც იყო – ორშაბათს ვისი სიუჟეტიც უნდა გვენახა, წინა ხუთეულის წევრის შეყვარებული იყო და პროექტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საკმაოდ ნათელი ნამიოკი მქონდა მიღებული – ჩემი შეყვარებულია და….
ცოტა არ იყოს სასაცილოა, როცა ასეთი ტიპის კონკურსში ვინმეს დანდობას გთხოვენ. მე მჯეროდა, ბატონი შეყვარებულის კეთილგონიერების და დარწმუნებული ვიყავი, ჩვენს მეტნაკლებად მეგობრულ ურთიერთობას ჩრდილი არ მიადგებოდა, თუ ქალბატონი შეყვარებული სამართლიანად შემომელანძღებოდა. მროველი ბჭობდა, ბატონი შეყვარებული კბილებს ილესავდაო, ასე მოხდა ამ შემთხვევაში. ქალბატონი შეყვარებული უღმერთოდ (სამართლიანად) შემომელანძღა და პირველი და ერთადერთი წითელი ბარათიც გავიჩალიჩე. ძალიან გჰულწრფელად ვამბობ, წითელ ბარათს ჩემზე საერთოდ არ უმოქმედია. ეთერის შემდეგ აღარც მახსოვდა, ქალბატონი შეყვარებულისგან წითელი ბარათი რომ მივიღე. იმედი მქონდა, იგივე განწყობაზე იქნებოდა შეყვარებული წყვილიც, მაგრამ ისევდაისევ მროველი ბჭობდა, ბატონი შეყვარებული…..
მოკლედ, გადავატარეთ პირველი დღე.
სამშაბათი
ამ დღეს ჩემი სიუჟეტი უნდა გასულიყო. წინა საეთერო კოფე პიწიეს დროს კვლავ მეგობრულ უერთიერთობას ვინარჩუნებდით, თუმცა თათია თორდინავა, სამეგრელოდან, ჯიუტი მონდომებით გამოხატავდა სიმპატიებს ქალბატონი შეყვარებულის მიმართ.
ამ დღეს დავაფიქსირე, რომ ერთი დეტალი სულს მიწიწკნიდა, აზროვნებას მირევდა და ყავას შხამად მარგებდა, თუმცა ბოლომდე ვერ მივხვდი, რა იყო ეს დეტალი.
სიუჟეტის ჩევენება-განხილვამ მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა, წითელი ბარათების გადანწილების დროს მთელი კლოუნადა მოეწყო.
თორდინავამ, სამეგრელოდან, თავისი წითელი ბარათი ნინო ჯაჯანიძეს გადასცა. ეს უკანასკნელი ჩვენს ხუთეულში ყველაზე ნეიტრალური მოთამაშე იყო . ვიცოდი, სწორედ ეს ნეიტრალიზმი გამოუთხრიდა ძირს ადრეთუგვიან. ჯაჯანიძემ დარტყმას დარწტყმით უპასუხა და თავისი წილი წითელი ბარათი თორდინავას უსახსოვრა სამეგრელოდან. არიქა, დაქალს მიჩაგრავენო და ქალბატონმა შეყვარებულმაც ჯაჯანიძეს მისცა წითელი, მე ვისზე ნაკლები ვარო, გაიფიქრა სავარაუდოდ ანა მარშანიამ და მისი მსხვერპლიც ნინო ჯაჯანიძე გახდა. ნამდვილი ღორობა იქნებოდა, მეც რომ ნინო ჯაჯანიძე ”გამეწითლებინა”, ამიტომ ანა მარშანია მოვიმდურე :)
ეთერის შემდეგ საინტერესო არაფერი მომხდარა, გარდა იმისა რომ ჯაჯანიძე ოფიციალურად განგვიდგა და ბუფეტში თავის შეყვარებულთან ერთად დამოუკიდებელი ავტონომია ჩამოაყალიბა.
ოთხშაბათი
ამ დღეს მარშანიას სიუჟეტი ვნახეთ ქუჩის მუსიკოსების შესახებ. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი ნამუშევარი იყო. წითელი ბარათები ლოგიკურად განაწილდა, ქალბატონი შეყვარებულის – თორდინავას (სამეგრელოდან არ დავივიწყოთ) წყვილმა ჯაჯანიძე გააწითლა, ჯაჯანიძემ ამ ბლოკის ერთერთ წევრს დაუბრუნა თავისი ბარათი.
პოსტ საეთერო კოფე პიწიეს დროს ასპარეზზე პირველად გამოჩდნა ბაააატონი შეყვარებული. დიახ, დიახ, მან ჩამოაბიჯა ბუფეტის კიბეებზე და თავისი შეყვარებულის გვერდით დაიკავა ადგილი. ღირსეულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ელემენტარული წესის მიხედვით, შემოსწრებული წევრი მხოლოდ საერთო სალმის შემდეგ იწყებს შეყვარებულთან ინტიმურ საუბარს. როგორც ჩანს, ”იმედის” ბუფეტში ასე არ არის. მე, ყოველშემთვევაში, არ დამზარებია გამარჯობის თქმა და ბატონი შეყვარებულის ჯანმრთელობის მოკითხვა, პასუხად ისეთი მჟავე სიფათი მივიღე, ცოტას გაწყდა პირდაპირ მაგიდაზე არ ვარწყიე. ღმერთი უშველის ელადას (მეორე ხუთეულის მონაწილე), მისი საშუალებით მალევე დავაღწიე თავი იმ მარაზმს.
ოთხშაბათი ისტორიაში შევიდა, როგორც პროვინციალიზმის ზეიმის დასაწყისი მესამე ხუთეულის წევრებს შორის.
ხუთშაბათი
”გვახსოვდეს ხუთშაბათი” ან რამე მსგავს დევიზს ამოისვირნგებდა ჭკვიანი დუბლიორელი გულის ფიცარზე. ნინო ჯაჯანიძემ თავისი სიუჟეტით ისეთი მასტერკლასი ჩაგვიტარა , ენა ჩამივარდა და ცოტა ნამუსმაც კი შემაწუხა ჩემი ჟურნალისტური ამბიციების გამო. უნდა ვაღიარო, რომ ხუთშაბათს, სულ სხვა თვალით შევხედე ჯაჯანიძეს და სულ სხვანაირად გავიაზრე მისი შენიშვნები.
”დუბლიორი” ასეთუისე მაინც პროფესიული პროექტია. მესმის, რომ ყველას გამარჯვება გვინდა და ამისთვის ყველანაირ ხერხს ვიყენებთ, მაგრამ რაც არ უნდა დიდი მიზნები გქონდეს, პროფესიული ღირსება არასდროს უნდა დაკარგო. როცა ქალბატონი შეყვარებული უაზრო ტიტინს მოყვა, მივხვდი, ყველას, ყველას და ამ სუბიექტს მართლა არაფერი ესაქმება ჟურნალისტიკაში. უსამართლოდ ჩაგიდეს? – გამოიღე და თავზე გადაამტვრიე. სამართლიანად შეგისრულეს? – მოკეტე და პრობლემა საკუთარ თავში ეძებე
ძალიან ჯიგრული იყო ჯაჯანიძის სიტყვები წითელი ბარათის გადაცემისას – მეჩვენება რომ ნინი (ქალბატონი შეყვარებული) სიუჟეტს არ უყურებს და დაზეპირებული სიტყვებით ცდილობს ავტორის გაკრიტიკებას.
პრინციპში, შეიძლება უყურებდა კიდეც სიუჯეტეს, მაგრამ ნანახის გააზრებასაც ხომ ნიჭი უნდა?!
დღის დაგვირგვინება იყო პროვინციული გამოხდომა ბუფეტში – როცა ქალბატონმა შეყვარებულმა მხოლოდ თორდინავა, სამეგრელოდან, მიიპატიჟა შინ პიცის მისართმევად
ტაში!!! :D
პარასკევი
ბოლო საეთერო დღე. უკვე ყველამ ვიცოდით ვინ დატოვებდა პროექტს – ესენი იქნებოდნენ ანა მარშანია, ძალიან დაბალი SMS რეიტინგის გამო და ნინო ჯაჯანიძე წითელი ბარათების რაოდენობის გამო.
ეთერის დაწყებამდე, შევიტყვეთ, რომ რეიტინგში ქალბატონ შეყვარებულს თორდინავამ გადაუსწრო სამეგრელოდან, ანუ თუ მე, მარშანია, ჯაჯანიძე და თორდინავა ნინის მივცემდით წითელ ბარათებს, ის პროექტს დატოვებდა.
წეღან პროფესიული ღირსება ვახსენე, სწორედ პროფესიული ღირსება მაიძულებდა, ყველაფერი გამეკეთებინა პროექტში ნინო ჯაჯანიძის დასატოვებლად. საბედნიეროდ, ანა მარშანიაც იგივე აზრზე აღმოჩდნა. მერე რა, თუ გადაცემის მსვლელობისას, ქალბატონი შეყვარებული SMS რეიტინგში ისევ პირველ ადგილზე ავიდა (ამ შემთხვევაში წითელი ბარათების რაოდენობის მიუხედავად, მაინც ის გააგრძელებდა თამაშს მეორე ეტაპზე), მე ჩემს სიტყვას არ გადავედი და წითელი ბარათი ქალბატონ შეყვარებულს მივეცი. პირობა პირნათლად შეასრულა ანა მარშანიამაც, თუმცა რაღა აზრი ჰქონდა. პროექტი ნინო ჯაჯანიძემ და მარშანიამ დატოვეს.
ეთერის შემდეგ კვლავ ბააატონი შეყვარებული ზეთიანი სიფათით და ”ნი ვიჟუთი”. ამიტომაც მინდოდა რა მეორე ეტაპზე ჯაჯანიძესთან ერთად თამაში, სხვა თუ არაფერი უსაშველო პროვინციალიზმისგან მაინც ვიქნებოდით დაზღვეული :)
ესეც ასე. 10 ნოემბრიდან კვლავ ეთერში ვიქნები, შეყვარებულ წყვილთან და ორ მეგრელთან ერთად. შეგიძლიათ წინასწარ მიტიროთ. ერთადერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, ჩემს გასაკეთებელს ბოლომდე გულით გავაკეთებ და არასდროს ვუღალატებ პროფესიულ ღირსებას. ეს უკვე აღარ არ არის ჟურნალისტური პროექტი – დუბლიორი იმ ადამიანების მარათონად იქცა ვის ახლობლებსაც უფრო მეტი SMS-ის გამოგზავნა შეუძლია.
ბოლოს კიდევ ერთხელ – ჩემი ღრმა პატივისცემა ნინო ჯაჯანიძეს და ანა მარშანიას. ჩვენ, ყველანი, შეიძლება უგზო-უკვლოდ დავიკარგოთ, ნინო და ანა კი აუცილებლად იტყვიან თავის სათქმელს ჟურნალისტიკაში.
დამავიწყდა დამეწერა – დეტალი, რომელიც აზროვნების უნარს მაკარგვინებდა და ყავას შხამად მარგებდა, იყო წამდაუწუმ, ამაზრზენი ინტონაციით ნათქვამი – ”საყვარელიიიი……”
ხტფუი
Filed under: დუბლი2 | 16 Comments
პირველი გარბენი
პირველი ყველაფერი ძნელი და სანერვიულოა, ასე აომბობდა დიდი ჩინგზი ყაენი. გუშინ ამ გამონათქვამის ურწყევ ჭეშმარიტებაში თჱვითონ დავრწმუნდი. ერთი საათის მანძილზე ისე ვგავდი დაუნს, რომ თუ იმედში დავრჩი, ოპერატორის საწინააღმდეგოში დარწმუნებას თვეები დასჭირდება.
პირველი ფატალური შეცდომა რაც დავუშვი, ის იყო რომ ზუსტად ჩამოწერილი რასკადროვკა არ მქონდა. სამაგიეროდ ექსპრომტად ფინალის მშვენიერი იდეა მომივიდა, თუმცა არ იქნებოდა ურიგო დაწვრილებით ჩამოწერილი სიაც რომ მქონოდა.
გადაღებაზე სამი საათისთვის გავედით. ოპერატორად მამის ტოლა კაცი შემხვდა, რომელიც ძალიან გაბრაზებული იყო მცხეთობა დღეს რომ ამუშავებდნენ.
პირველად 7th Guest-ს მივადექით. რახან სადარბაზო და სართული აღარ მახსოვდა, მობილურზე დავურეკე. ზუსტად იმ მომენტში როცა რეზოს კოორდინატები უნდა ეთქვა, მობილურს დედა ეტირა. კიდევ კარგი, მერე თვითონ ჩამოვიდა და აგვიყვანა :P
რეზოსთან ოპერატორს გაბრაზებამ უცბად გადაუარა. ისე გემრიელად იმუშავა, რომ ძალაუნებურად ღრმა პატივისცემა ვიგრძენი მისდამი და თავი ბედნიერად ჩავთვალე, მასთან ერთად რომ მომიწია მუშაობა (საინტერესოა, თვითონ რამდენად ბედნიერი იყო ჩემთან ერთად რომ მუშაობდა :D). მეორე სიხარული რეზოს კომენტარ იყო. ისე დალაგებულად, დასაბუთებულად და ლოგიკურად გადაუარა, ყველა ”გეიმერთ მებრძოლს” კინაღამ ტაში დავუკარი :P.
შემდეგ ყვავასთან გადავინაცვლეთ. ყვავას ძმა, კაქტუსა, გეიმერულ მაისურში გამოეწყო, რამდენიმე წამს Generals წაითამაშა, ხოლო შემდეგ ჯიგრული კომენტარი მოარტყა, რომლის ”თავისუფალი” თარგმანი დაახლოებით ასეთი იქნება – გეიმერები? გეიმერები არიან მაგარი როჟები ბრატცი და საერთოდ რა, თუ კაი ბიჭი ხარ, გეიმებს და წიგნებს შორის დროს სულ თავისუფლად გაანაწილებ.
სანამ ფსიქოლოგის როლს მორგებულ პიკოლინას ჩასაწერად ქუჩაში გადავინაცვლებდით, ყვავა, და ვლად ცეპეჩმა პატარა საჭადრაკო ეტიუდი გაითამაშეს. ეს კადრი ფინალურია. მისი გაკეთების იდეა გადაღებაზე რომ მივდიოდით, მაშინ მომივიდა (მაინც რამდენს ნიშნავს როცა კომფორტული როვერით მგზავრობ და არა სავარძლებ მორყეული მარშუტკით)
და ბოლოს, პიკოლინას ბრუტალ ფსიქოლოგიური კომენტარი. რეზოსა და კაქტუსას აგებული ბარიკადები გეიმერთა ტერიტორიების დასაცავად, პიკოლინამ ორ სიტყვაში გაანადგურა. ნამდვილად მუაგარი იყო :D. არ გამოსატოვებელი ფაქტია, რომ პიკოლინას ჩაწერისას, კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ჩემმა დაბნეულობამ და მიკროფონის ჩართვა დამავიწყდა, თუმცა ოპერატორის მახვილ თვალს რას გამოაპარებ :D.
ეს იყო და ეს. რაც გუშინ ვინერვიულე, ალბათ რამდენიმე საათის ცხოვრებად ღირდა, თუმცა თვეების და წლების შემდეგ გუშინდელ დღეს და პირველ ნერვიულობას, ძალიან ტკბილად გავიხსენებ :))))
FIN
Filed under: დუბლი2 | 7 Comments
საღამოს ქრონიკები
აცივდა. მალე უფრო აცივდება. ნელნელა იღვიძებს ციმბირული დათვის ინსტიქტები – თბილი ბუნაგის პოვნისა. დღეს თუ არა ხვალ სასიცოცხლო მნიშვნელობას შეიძენს თბილი კაფეები და ცხელი ყავა. ორმაგად სასიამოვნო გახდება შეორთქლილი ვიტრინიდან აბუზული გამვლელების თვალიერება.
ნუგზარ შატაიძის ინტერვიუ წავიკითხე, რომელიღაც სომეხ მწერალს ადიდებდა, რომ მიხვდა მის ნაწერებს არ კითხულობდნენ, წერას შეეშვაო. ალბათ ცხოვრებაში პირველად არ დავეთანხე ამ ადამიანს,თუ წერ მხოლოდ იმიტომ წერ რომ შენთვის მოაქვს “კაიფი”, როცა კითხვადი ავტორი ხდები, ორმაგი “კაიფია”, მაგრამ სულ რომ ერთი კაცი გკითხულობდეს, მაინც უნდა წერო. დიდებული იქნებოდა, ცივ საღამოს, პეროვზე, რომელიმე უპრეტენზო ბარში ტეკილას ხუხვა და ამ თემაზე მასლაათი შატაიძესთან. მართალია ბაბუისტოლა კაცია, მაგრამ არ ჩანს ისეთი ადამიანი, რიგით მკითხველთან ბაასი იუკადრისოს, ზოგიერთებისგან განსხვავებით, რომლებსაც პრეტენზიები, იცოცხლე, ყელამდე აქვთ, შატაიძის გულწრფელობა და სიხალასე კი სიზმარადაც არ დაესიზმრებათ.
ცოტაც და ცნობადი სახე გავხდები, გუშინ 10 წამით გამოვჩნდი ეკრანზე და დღეს მაღაზიაში უკვე “სხვანაირად” მიღიმოდნენ, წარმომიდგენია როგორ გამიღიმებენ, მთელი ერთი კვირა (სავარაუდოდ უფრო მეტიც) ყოველ დილით ”იმედის” ეთერში რომ გამოვიჭიმები. არ ვიტყვი რომ ეს ფაქტი რამენაირად მაწუხებს, პირიქით, მიხარია და არც ვმალავ. თუ მართლა გავხდი შტატიანი ჟურნალისტი, ძალიან საინტერესო ცხოვრება დაიწყება. თავიდან სხვის დაკრულზე მომიწევს ცეკვა, გამოცდილების დაგროვებასთან ერთად თამაშში საკუთარ წესებსაც შევიტან. გარდა პროფესიული კაიფისა, ფინანსურ კაიფსაც თავისი ადგილი აქვს – ბევრი მუშაობა, ბევრი საღამოს გატარებას ნიშნავს ვიტრინებ შეორთქლილ კაფეებში, კიდევ უფრო მეტ დისკს და უფრო მეტად დამშვიდებულ სინდისს, რომ მინიმალურად მაინც ვეხმარები ჩემს საყვარელ შემსრულებლებს. ერთი სიტყვით, სრული სვლით წინ!!!
დასასრულს, უნიკალური კომენტარი Face.ge-ზე გამოწვეყნებულ ბლოგ პოსტზე, რომელიც ერთერთ უჯიგრეს სიმღერას ეძღვნებოდა:
pirvel kvela qartvels mogilocavt qartul saitis dabadebas, da mworw rac mtavaria am cerilis dacersac niko unda erqvas? mec ? da did mgosan baratashvilsac? zamiko, tu isev kacta rigshi irickhebi, sheachie sitkvebi da adgili, unitazs ena da sul cota tvini rom hqondes am uazro sitkvebs sakhalkhod ar itkoda, gakhsovdet khalkhno “visi gorisani khart”
Filed under: ქრონიკები | 4 Comments
coming soon – Dubli2
13 ოქტომბერს ”დუბლიორი” იწყება. ამასთან დაკავშირებით პროექტის დასრულებამდე შეიცვალა ბლოგის დიზაინი, ხოლო კონტენტს დაემატება ახალი რუბრიკა ”დუბლიორის დღიურები”.
საერთოდ, ეს პროექტი ზუსტად ერთი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო სტარტმა ცოტა დაიგვიანა.
ჩემი ხუთეული ეთერში მუშაობას 27 ოქტომბერს დაიწყებს. პირველი სიუჟეტის სცენარი უკვე დამტკიცებულია – გეიმერობა. რესპოდენტები, კადრები, სინქრონი, ყველაფერი მომზადებულია და ლამაზად არის ჩაწერილი დისკზე.
სიუჟეტის წინა სამუშაოების ჩატარება მთელი კაიფი იყო. ”ალიას” პერიოდი გამახსენდა, რესპოდენტებთან დაკავშირება, ინტერვიუზე შეთანხმება, ამას დაემატა გადასაღები ადგილების შერჩევა.
მოკლედ, ოცნებების ახდენისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი. უკვე ვგრძნობ, როგორ იმატებს ადრენალინი ძარღვებში
Filed under: ქრონიკები | 7 Comments
პაპსა..პაპსა – ყვიროდა ხალხი
”იდეალებში ჩაჯმა” ასე შეიძლება ეწოდოს ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას. საუბარია წყეულ ”დუბლიორისთვის” გადასაღებ სიუჟეტზე, რომელსაც ვერადავერ დავადგი თავი.
სცენარებს ძალიან უცნაური მეთოდით ამტკიცებენ – თუ აკეთებ სიუჟეტს რამე ისეთ თემაზე რაც მილიონჯერ გადაღეჭა ყველა ტელევიზიის ყველა ჟურნალისტმა სათითაოდ, მაშინ უსიტყვოდ გგზავნიან გადაღებებზე, ხოლო თუ ამბიციებმა შეგაწუხა და ისეთ თემას შეეხე, რომელიც მართლა ახალია და შეიძლება ვინმეს დააინტერესოს, ეგრევე გიბლოკავენ, ბონუსად კი მინიმუმ ორმოც წუთიან ლექციას აყოლებენ ჟურნალისტიკის საფუძველბში.
ვიცი, ბატონებო, რომ ხალხს პაპსა სჭირდება, მაგრამ ხომ არსებობს კარგი და ცუდი პაპსა? გარდა ამისა, ხომ არსებობს ხარისხიანი პროდუქცია პოპის ელემენტებით? ნამდვილად არსებობს. ასე რომ გავმიჯნოთ პაპსა და პოპის შემცველი ხარისხიანი პროდუქცია ერთმანეთისგან. ვისაც უხარია აკეთოს სიუჟეტები ნაგავსაყრელებისა და საქორწინო კაბების შესახებ, ხოლო ვისი ფანტაზიაც ცოტა შორს მიდის და მეტნაკლებად სპეციფიკურ სფეროებშიც ერკვევა, მივცეთ ამ ხალხს პოპის ელემენტებით გაჯერებული ხარისხიანი პროდუქციის შექმნის საშუალება.
ეს არის და ეს. ჩემი მოკრძალებული აზრით, ასე პროექტი უფრო საინტერესო გახდება და აღარ იქნება ის კლოუნადა, რისი წინაპირობაც უკვე არსებობს.
სულ ბოლოს მინდა დავამატო, რომ ასეთი უხეში ორიენტაცია ”ბრიტნი სპირსობაზე”, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჟურნალისტობას სერიოზულად უყურებს, შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს. საკუთარი მაგალითით რომ ვისაუბრო, სულ უფრო კარგად ვხვდები, რა უნდა გავაკეთო მომავალში, რა არ უნდა გავაკეთო და რაც მთავარია, როგორც ვაქციო ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი თემა, საზიზღარ პაპსად, რომელიც მარშუტკის მძღოლებს გაუსწორდება, მეტნაკლებად სერიოზული მაყურებელი კი გაკვივებით იკითხავს, ესენი არიან პიკასოს ბიჭები? :D
Filed under: ქრონიკები | 12 Comments
ძიება
-
თქვენ ათვალიერებთ NU Dimension ბლოგის არქივს.